თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, შესაძლოა, დააკავონ

გიგი უგულავას ბრალი, რიგით მეოთხე, "სიტი პარკის" საქმეზე წარუდგინეს და შეიძლება, დააკავონ

თბილისის ყოფილი მერი, მთავარი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში კიდევ ერთხელ მისცეს.

უგულავას ამჯერად „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვა“ ბრალდება.

გამოძიების მტკიცებით, უგულავამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისრაელის კომპანია ,,სიტი პარკს" „არამართლზომიერი უპირატესობა“ მიანიჭა, რითაც სახელმწიფო სახსრები 1086718 ლარი არამიზნობრივად განკარგა.

„გიორგი უგულავამ ,,სიტი პარკის" სასარგებლოდ, განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზეც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა ,,სიტი პარკის" ანგარიშზე. ამავდროულად, კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესიც, "სიტი პარკმა" თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო 3 ლარი.

ამდენად, თბილისის მერმა, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე ,,სიტი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ, მთლიანობაში, გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 1 086 718 ლარი“ - ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

„სიტი პარკმა“ თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერში, 2007 წელს გაიმარჯვა და დედაქალაქში თანამედროვე პარკინგის სისტემა უნდა მოეწყო. „სიტი პარკის“ დამფუძნებლები ისრაელის კომპანიები: „შოჰარ პარკინგ სერვისიზი“ და „ამაგონი“ იყვნენ. პირველ კომპანიას ისრაელელი ბიზნესმენი ნათან შორერი წარმოადგენმა, მეორეს თელ ავიველი დავით პილა.

"სიტი პარკს", რომელიც ისრაელელი ბიზნესმენების დაფუძნებულია, არ გამორიცხავენ რომ "ოცნების" ხელისუფლებამ კონტრაქტი გაუწყვიტოს

თბილისში, შორერის და პილას შემოსვლას და პარკირების საკითხში მონოპოლისტად გახდომას, თავის დროზე, სკანდალურმა ფიგურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ბექაურმა შეუწყო ხელი.

ბექაურს კორუფციაში ადანაშაულებდნენ, კერძოდ, საბაჟო ტერმინალ „ოპიზას“ უკანონო დაუფლებაში. ამის გამო, პარლამენტში, 2005 წელს, საგამოძიებო კომისია შეიქმნა. მართალია კომისიამ დეპუტატ ბექაურის „კორუმპირებულობა“ ვერ (არ) დაადასტურა, თუმცა ბექაურს, 2006 წლის თებერვალში, დეპუტატის მანდატი „საკუთარი სურვილით“ დატოვა. ბექაურის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, მიუხედავად იმისა, რომ „ოპიზას“ ძველი მფლობელები (ლორია, სიჭინავა, დავითაია და სხვები) ბექაურს რეკეტში და მუქარაში ღიად ადანაშაულებდნენ.

2005 წლის აგვისტოში, ბექაური ასევე ფიგურირებდა, ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებლების, შალვა რამიშვილის და დავით კოხრეიძის დაპატიმრების საქმეში.

გამოძიება მაშინ ამტკიცებდა, რომ რამიშვილი და კოხრეიძე დეპუტატ ბექაურს ფულს სძალავდნენ და ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლით ემუქრებოდნენ, რომელიც საბაჟო ტერმინალ „ოპიზაში“ ბექაურის მიერ წილების უკანონო დაუფლებას ეხებოდა. რამიშვილი და კოხრეიძის დაპატიმრების მიზეზი გახდა, ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც სწორედ კობა ბექაურმა გააკეთა და შემდეგ, შსს-ს გადასცა. სასამართლომ რამიშვილს 4, კოხრეიძეს კი 3 წელი მიუსაჯა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კობა ბექაურმა განაცხადა, რომ შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და კუდ-ის უფროსმა დათა ახალაიამ „აიძულეს“, რომ შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძისთვის ქრთამი შეეთავაზებინა და მათი დაპატიმრების მიზნით, ეს ფარულად გადაეღო.

ბექაურმა ასევე თქვა, რომ ფარულად გადაღებული ვიდემასალა, სანამ სატელევიზიო ეთერში დამონტაჟებული სახით გავიდოდა და „მტკიცებულებად“ იქცეოდა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ წაიღო. „მე ვთხოვე გიგის რომ ჩემი თავი არ გამოეჩინა, მაგრამ ყველაეფრი გამოაჩინა“ - თქვა ბექაურმა.

უგულავას წინააღმდეგ მთავარი მოწმე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი სკანდალური დეპუტატი კობა ბექაურია

ამჟამად, „სიტი პარკის“ კორუფციულ საქმეში, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ მთავარი მოწმე სწორედ კობა ბექაურია. გიგი უგულავა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას განაგრძობს.

„რო გავიგე, რომ ამ საქმეში მთავარი მოწმე ჩემს წინააღმდეგ კობა ბექაურია, 5 წუთი ვფიქრობდი, რა კავშირშია საერთოდ ბექაური ამ საქმესთან? ბრალდება არის აბსურდი, საერთოდ არ იციან რა უნდათ, საქართველოში მხოლოდ სელექციური, შერჩევითი მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველოში უკვე ცინიკური მართლმსაჯულებაა“ - აღნიშნა დაკითხვიდან გამოსულმა გიგი უგულავამ. თბილისის ყოფილი მერი ჯერჯერობით თავისუფალია, აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს. ბრალის დამკიცების შემთხვევაში, უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელის.

უგულავას განცხადებას კობა ბექაურთან დაკავშირებით, მაშინვე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. „მე მოვისმინე უგულავას განცხადება, რომ თითქოს გაკვირებული იყო იმის გამო, თუ ვინ იყო, ამ ახალ საქმეში, მის წინააღმდეგ მთავარი მოწმე. ისეთი სახით გაიკვირვა, თითქოს ბექაურს არ იცნობდეს. ჩვენ გვახსოვს შალვა რამიშვილის დაკავება. თუ გექნებათ საშუალება, ჰკითხეთ კობა ბექაურს ვინ დაუმაგრა ფარული კამერა, როცა რამიშვილისთვის საქმის შესაკერად უშვებდა? მე როგორც ვიცი, ეს ადამიანი სწორედ გიგი უგულავა იყო“ - განაცხადა კახი კალაძემ.

ბრალდებას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, გამოეხმაურა კომპანია „სიტი პარკიც“ „სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ ვრცელდება პარკირების თანხებთან დაკავშირებული სხვადასხვა კალკულაციები. კომპანია „სიტი პარკი“ აღნიშნავს, რომ მითითებული ციფრები არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ კავშირშიც კი არ არის მასთან და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ქალაქ თბილისში პარკირებასთან დაკავშირებული ყველა გადახდა ხორციელდება ელექტრონულად, რაც უზრუნველყოფს მის სრულ გამჭვირვალობას“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ოპოზიციის აზრით, უგულავასა და „სიტი პარკის“ საქმეში, ნათლად იკვეთება ხელისუფლების განზრახვა, თბილისიდან გააძევოს კომპანია „სიტი პარკი“, რომლის მუშაობითაც თბილისელთა აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილოა.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით,თბილისის მერიასა და „სიტი პარკს“ შორის 2007 წელს, გაფორმებული ხელშეკრულება და შემდეგ მასში შესული არაერთი ცვლილებები, რომელთა ნაწილი გასაიდუმლოებულია, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.

„სიტი პარკის“ ერთ-ერთი მეპატრონე, ისრაელელი ბიზნესმენი ნათან შორერი, 2006 წელს, ისრაელის ქალაქ ლოდის მერთან კორუფციული გარიგების გამო იყო დაკავებული, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ 2007 წელს, თბილისში პარკინგის მოწყობაზე, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ტენდერი მოეგო.

გიგი უგულავა 8 წლის განმავლობაში იკავებდა თბილისის მერის პოსტს, 2005-დან 2013 წლის დეკემბრამდე, სანამ მას უფლებამოსილება სასამართლომ არ შეუწყვიტა. 2010 წლიდან უგულავა იყო თბილისის არჩეული პირველი მერი.

ამჟამად, თბილისის ყოფილი მერის წინააღმდეგ, უკვე ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: „სიტი პარკის კორუფციული საქმე“;

ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების მიზნით, 200 წელს, ქალაქის კუთვნილი რიყის ტერიტორიაზე 4 ჰექტარი მიწის, გასხვისებისა და უკან გამოსყიდვის საქმე, რა დროსაც, გამოძიების მტკიცებით, ბიუჯეტს 10 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგა;

„თბილსერვის ჯგუფში“ „ნაციონალური მოძრაობის“ 764 კოორდინატორის ფიქტიური დასაქმების საქმე, გამოძიების მტკიცებით, ამ ოპერაციით, ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი ლარი გაიფლანგა;

„დედაქალაქის განვითარების ფონდიდან“ 48.18 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მაშინდელი მმართველი პარტიის და მისი აქტივისტების დასაფინანსებლად გამოიყენეს;

არ გამორიცხავენ, რომ გიგი უგულავა უახლოეს დღეებში შეიძლება დააკავონ.