ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნების“ „მსუსხავი ეფექტი“ პროტესტის წინააღმდეგ


"ახალი არჩევნების დანიშვნისა" და "პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით", უწყვეტი პროტესტი 85 დღეა გრძელდება
"ახალი არჩევნების დანიშვნისა" და "პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით", უწყვეტი პროტესტი 85 დღეა გრძელდება

„ქართული ოცნება“ ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს ჩაახშოს პროტესტი, რომელიც საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, უკვე 85 დღეა გრძელდება. სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული დევნის პარალელურად, თებერვალში, „ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ, მასიურად დაიწყო 5000 ლარის ოდენობის ჯარიმების გამოწერა.

აქტივისტების ინფორმაციით, ბოლო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათასობით 5000 ლარიანი ჯარიმა გამოწერა. არის შემთხვევები, როცა ერთ ადამიანი „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით, 5000 ლარით, უკვე ორჯერ დააჯარიმეს, მომღერალი ნინო ქათამაძე.

შსს 5000 ლარით აჯარიმებს არა მხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიაჩნია, რომ დეკემბერში, ჯარიმის ოდენობის, 500-დან 5000-მდე გაზრდის მიზანია, „ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან“.

ნიღბიანი პოლიციელები ტვ პირველის ვიდეო ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს აკავებენ
ნიღბიანი პოლიციელები ტვ პირველის ვიდეო ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს აკავებენ

ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე, ნიღბიანმა პოლიციელებმა „ტვ პირველის“ ვიდეო ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პლაკატის შინაარსი არ მოეწონათ.

„ბიძინა ივანიშვილმა მომინდომა დიქტატორობა, დიქტატორობას ან განათლება და ნიჭი სჭირდება ან კიდე ფანატიკოსობა“ - ამბობს პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციამ დეკემბრის აქციებზე სასტიკად სცემა და დააკავა, თუმცა მოსამართლემ პოლიციელებზე თავდასხმაში რატიანი დაადანაშაულა და 2000 ლარი ჯარიმა დააკისრა.

მისი თქმით, „(ივანიშვილი) არც არაფრის ფანატი არ არის, ფულისაც კი, არ მოგზაურობს კაცი...არაფრის მაგას არ წამს, შეუძლებელია, რომ (დიქტატურა დაამყაროს), მაგრამ საშინელებაა, რომ აქამდე მივედით“.

„თავისუფლება სინდისის და პოლიტპატიმრებს“ - ეს ახალ არჩევნებთან ერთად, უწყვეტი პროტესტის მონაწილეების უმთავრესი მოთხოვნაა. შსს-მ პროევროპულ აქციებზე 600-ზე მეტი მოქალაქე დააკავა. აქედან 50-მდე მომიტინგე სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული, ნაწილი უკვე გაასამართლეს, ნაწილი სასამართლო პროცესებს მარტში ელოდება.

„მთავარი მოთხოვნა არის რომ უნდა განთავისუფლდნენ ის აქტივისტები, რომლებიც ამ პროტესტის დროს იყვნენ დაპატიმრებულები. ყველასთვის უნდა იყოს გასაგები, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“ - ამბობს აქციის მონაწილე, სტუდენტი თემურ წიკლაური.

წიკლაური: "ეს პროტესტი არ გაჩერდება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00

„ახალი არჩევნების უნდა დაინიშნოს შვილო, ხოცავენ ხალხს, მოვიდნენ ჭკუაზე ცოტა“ - გვითხრა 74 წლის გუდამაყრელმა ვიქტორ ჩოხელმა, რომელიც თბილისში დემონსტრაციას სოფელ ჩოხიდან შეუერთდა.

„ჭკუა მოუვიდეს ცოტა, რას აჰყვა ივანიშვილი მაგასა (კობახიძეს)? ვერ გავიგე?! დანიშნოს ახალი არჩევნები და დაწყნარდება ეს ხალხი ახალგაზრდობა, არა სჯობია ასე, ხო სჯობია? ეს (ევროპული) ცხოვრება სჯობია, ამ ახალგაზრდობას იქ (ევროპაში) უნდა, მე ამ ახალგაზრდობას ვენაცვალე, ჩემს დროს არ იყო ასეთი ახალგაზრდობა, არ ვიცი ღმერთმა მოგვივლილა ეს ხალხი, უნიჭიერესი ხალხია! ჩვენ რამ გამოგვატვინა, ჩემი ტოლა ხალხი, ამ რუსებმა ჩაგვინერგეს, რა ჩაგვინერგეს ვეღარ გავიგე“ - აღნიშნა ვიქტორ ჩოხელმა.

„ქართული ოცნება“, რომლის ხელისუფლების ლეგიტიმურობას ევროკავშირი არ სცნობს, კვლავ აცხადებს, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში 2028 წლამდე არ გაიმართება. ივანიშვილი პარტიაში თვლიან, რომ „გარედან მართული პროტესტი“ უკვე ჩაახშვეს. მესამე სექტორის აზრით, „ოცნება“ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და საჯარო სექტორის „წმენდის“ პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება, რისი პირობაც ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ უკვე დადო.

„ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის თებერვალში, „ერთპარტიულ პარლამენტში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „საქმიანობის გამოძიება“ დაიწყო, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ გადმოიბარა.

„60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? ამ 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა“ - ასე უპასუხა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის” თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა კითხვას, თუ რატომ დაიწყო „ოცნების“ კომისიამ მუშაობა არა 2012-ში, არამედ 2025 წელს.

სუბარი: "თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ?"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ „ოცნების“ კომისიასთან კატეგორიულად არ ითანამშრომლებენ. 21 თებერვალს, „ოცნების“ კომისიამ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი და აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნათია მოგელაძე დაიბარა. „ოცნება“ იმუქრება, რომ პირებს, რომლებიც კომისიაზე არ მივლენ, „სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“.

XS
SM
MD
LG