ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 13 000-ს გადააჭარბა


საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლითა რიცხვმა 13 000 გადააჭარბა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის კიდევ 2784 შემთხვევა დადასტურდა და 53 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ 13024 მიაღწია.

კოვიდით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, საქართველოში პირველად 2020 წლის 4 აპრილს დადასტურდა. 2020 წელს, კოვიდმა 2505 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მიმდინარე წელს, 18 დეკემბერის ჩათვლით კი საქართველოში კორონა ვირუსით, უკვე 5 ჯერ მეტი, 10519 ადამიანი დაიღუპა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში პომპეზურად წარმოადგინა, პანდემიასთან ბრძოლის თაობაზე მხოლოდ ის თქვა, რომ „საქართველომ სწარაფად მიიღო ვაქცინის მარაგი“ და მთავრობამ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის სწორი ბალანსი იპოვნა:

მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, ავიცრათ
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი


„ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მოგეხსენებათ, რომ მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და როგორც წამახალისებელი ინიციატივების, ისე არაპირდაპირი შეზღუდვების შემოღებით, ვაქცინაციის პროცესს ხელი შეუწყო.

„დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, ავიცრათ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დრეისათვის ერთი დოზით აცრილია 1 252 696 მოქალაქე, აქედან სრულად ვაქცინირებულია 1 074 608 ადამიანი. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ 35%-ია აცრილი და ქვეყანა კორონავირუსის ახალ შტამს ომიკრონს, პრაქტიკულად შიშველი ხელებით ხდება, არადა ვიცით რა სისწრაფით ვრცელდება ახალი შტამი სხვა ქვეყნებში
ზაზა წერეთელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველი


„ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ 35%-ია აცრილი და ქვეყანა კორონავირუსის ახალ შტამს ომიკრონს, პრაქტიკულად შიშველი ხელებით ხდება, არადა ვიცით რა სისწრაფით ვრცელდება ახალი შტამი სხვა ქვეყნებში, ეს უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენს მოსახლეობას, საზოგადოებას და სახელმწიფოს“ - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

იმუნიზაციის ეროვნული გეგმით, 2021 წლის ბოლომდე, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის, 60%-ის ანუ დაახლოებით, 1,7 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია უნდა მომხდარიყო. ამ ფონზე ქვეყანა, კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონის გავრცელების საშიშროების წინაშე დგას.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში რამდენიმე დღეა იკვლევენ ორ საეჭვო ნიმუშს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოფიციალურ განცხადებას, დადასტურდა თუ არა ომიკრონი საქართველოში, სავარაუდოდ, ორშაბათს, 20 დეკემბერს გააკეთებს.

XS
SM
MD
LG