საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო და სომხეთის გრიგორიანულ ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოება "მეცნიერებით დაკომპლექტებულმა" კომისიამ უნდა შეისწავლოს. ასეთი წინადადებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს, რომელიც საქართველოში ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო გარეგინ მეორემ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ტაძრის გადაცემის საკითხი დასვა, რომლებსაც სომხეთის გრიგორიანული ეკლესია მის საკუთრებად მიიჩნევს.
გარეგინ მეორემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ასევე დააყენა საქართველოში სომხეთის ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი. ამის საპასუხოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუსტად ანალოგიური მოთხოვნები წაუყენა სომეხთა კათოლიკოსს. თბილისში გამართულ შეხვედრაზე ილია მეორემ გარეგინ მეორეს კერძოდ უთხრა:
„რა სტატუსიც ექნება საქართველოს ეკლესიას სომხეთში, ის ექნება სომხეთის ეკლესიას საქართველოში. მეორე საკითხი ეს არის ტაძრების შესახებ საუბარი, ის პრეტენზიები, თუ ის თხოვნა, რომელიც აქვთ ქართველებს სომხეთის, სომხებს საქართველოს მიმართ.
ორივე მხარეს აქვს ისეთი საბუთები, იმის შესახებ, რომ სომხური ეკლესიები არსებობდა საქართველოში და ქართული ეკლესიები არსებობდა სომხეთში.
როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ ეკლესიის დაბრუნებაზე და იმაზე თუ ვის ეკუთნოდა ეს ეკლესია წარსულში, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პრობლემები ერთ მხარესაც არის - სომხეთის მხარეს და ასევე ქართველების მხარეს. ქართველებსაც აქვთ თავისი მოთხოვნები და მე იმედი მაქვს, რომ თქვენი უწმინდესობა შეგვიწყობს ხელს ამ ეკლესიების და მონასტრების დაბრუნებაში.“
იმ ექვსი ეკლესიიდან, რომელთა დაბრუნებასაც სომხური ეკლესია ითხოვს, ერთი მე-19 საუკუნის სურბ-ნშანი - ახალციხეშია. დანარჩენი ხუთი კი თბილისში. შამხორეცოც სურბ-ასტვაწაწინი და ერევანციოც სურბ-მინასი - ავლაბარში, სურბ-ნშანი (წმინდა ნიშნის ეკლესია) - ვერცხლის ქუჩაზე, ნორაშენი - კოტე აფხაზის ქუჩაზე და მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია - ახოსპირელის ქუჩაზე. ეს უკანასკნელი 2009 წლის ნოემბერში ჩამოინგრა, რასაც ერევანში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ორ ეკლესიას შორის დაძაბულობას ასევე შეუწყო ხელი 1995 წელს, ნორაშენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად კურთხევამ. მაშინ ტაძარში მართლმადიდებლური წირვაც ჩაატარეს, თუმცა თბილისის სომხური თემის პროტესტის შემდეგ, ეკლესია ქართველმა სასულიერი პირებმა დატოვეს.
გარეგინ მეორემ თბილისში ყოფნისას მოინახულა ერთ-ერთი სადავო ეკლესია სურბ-ნშანი. საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლის თანაშემწე მიხეილ ავაქიანი ამბობს:
„ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს, როგორიცაა სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, იუდევური თემი, მუსლიმური თემი, ისინი საუკუნებია საქართველოში მოღვაწეობდნენ, ქართველი მეფეების დროსაც ჰქონდათ სტატუსი, ცარიზმის დროსაც ჰქონდათ სტატუსი, საბჭოთა ხელისუფლების დროსაც იყო რაღაცნაირად დარეგულირებული კანონმდებლობით. სამწუხაროდ, დღეს არ არის არავითარი ფორმა, რითაც იქნება ეს დარეგულირებული.“
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თავის მხრივ სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ახტალის მონასტერზე, ჰუჯაბის და ქობაირის ტაძრებზე, ძელი ჭეშმარიტისაზე (ჰნევანქი) და ასევე ლორეში მდებარე რამდენიმე ეკლესიაზე, აცხადებს პრეტენზიას.
ამ პოლიტიკის შედეგი იყო 2003 წელს, ურბნისში წმიდა სინოდის განჩინება ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის, ბოლნისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიად გარდაქმნის შესახებ, რასაც სომხეთში დიდი ხმაური მოჰყვა.
ეჯმიაწინი დღემდე კატეგორიულად უარყოს სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების არსებობას და მათ "სომხურ-ქალკედონისტურ" ტაძრებს უწოდებს.
2008 წელს, სომხურმა ეკლესიამ ერთხელ უკვე ჩაშალა ქართულ-სომხური ერთობლივი კომისიის შექმნის მცდელობა, რომელსაც სადავო ეკლესიების საკითხები უნდა განეხილა.
სომხური პრესის ცნობით, ეჯმიაწინში, სომხური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაზე კომენტარს უახლოეს მომავალში გააკეთებს. თავად საქართველოს პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა გამოსწორდება:
„თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას. ის ძმური ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ჩვენს შორის უნდა გაძლიერდეს.“
სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტი საქართველოში სამცხე-ჯავახეთის მონახულებით დასრულდა. სომხურმა პრესამ, ისევე როგორ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ამ ვიზიტს "ისტორიული" უწოდეს.
ბოლოს, სამცხე-ჯავახეთი, სომეხთა კათოლიკოსმა მკრტიჩ პირველმა 117 წლის წინ, 1894 წელს, პეტერბურგისკენ მიმავალმა გზად გაიარა. ჯავახეთში არსებული სეპარატისტული ჯგუფების „ვირქისა“ და „ჯავახკის“ არაერთი მიმართვის მიუხედავად გარეგინ მეორემ არ მოინახულა ახალციხეში მდებარე სადავო ეკლესია - სურბ-ნშანი და საქართველო უკვე დატოვა.